რეინკარნაცია-,,საზვერე”

ივნისი 6, 2009

,,იანვრის ერთ უჟმურ სუსხიან ღამეს მე ვიდექ შენ უსულო სხეულთან შეძრწუნებული,

თითქოს დამთავრდა სიცოცხლე ჩემში წამით დაეშვა სიკვდილის ფარდა

მარადისობათ მექცა ეს ერთი წამი

ვიგრძენი თუ როგორ მიხმობდი შორიდან თითქოს

მაგრამ ყრუ ვიყავ …. …………..

ფიქრთა ჩუმი ოცნებით დატყვევებულს მწამდა ცხოვრება ..

მწამდა დაუშრეტელი ნეტარების…

და სიყვარულიც მწამდა თითქოს ქიმერა

მაგრამ უეცრად მომესმა ხმა საუკუნო და საშინელი:

ჩემ სისხლძარღვებში ჩქეფდა სიკვდილი მარადიული

შენ ჩემში ჰპოვე გარდაცვალება!!

Advertisements

მე შემრჩა შენი სურათები

მაისი 30, 2009

image3072
მე შემრჩა შენი სურათები,
როგორც ფოთლები
დასიზმრებული შემოდგომის…

დადგა სიჩუმე…

დამთავრდა ომი…

ცრემლმა წაშალა
ღიმილის გრიმი…

ცა, მინასავით შენაორთქლები,
აჭრელებულა
სიმარტოვის იეროგლიფით…

დუმილით მოვაჭრე

მაისი 30, 2009


მარკუს ვალერიუს მარციალისი

დღესაც იყბედე რამდენი!
სმენა წაიღე ყურთა!
ვიცი, რა ჩიტიც ბრძანდები:
არ გაჩუმდები მუქთად.

ტატუირებული პოეზია იაპონურად

მაისი 24, 2009

სამტაეპედები
მაცუო ბასიო

––––––––––––––––––––

(ჰაიკუ)

* * *
ალუბლის თვალწინ
ღრუბლის კვამლში
ჩაიძირა ეული მთვარე.

* * *
ხეობაში,
კლდის ზღურბლთა შორის
მოკრძალებულად წევს კამელია.

* * *
ფუძის ნიავო,
ძვირფას ქვასავით
მარაოთი წაგიღებ სახლში.

* * *
ცოტასაც ვივლი
და შევისვენებ,
შორეული ღრუბლების მიღმა.

* * *
შემოდგომის ქარში,
შიშველ თოკზე,
მარტოსული ყორანი იჯდა.

* * *
ისე მძიმეა ღამის ხალათი,
მეჩვენება, რომ სხვა სამყაროდან
ცას თოვლი სცვივა.

* * *
მესმის სეტყვის ხმა.
ვრჩები იგივე,
ვითარცა ეს ბებერი მუხა.

* * *
გუგულის გალობა
ამაოდ ისმის,
ჩვენში პოეტები აღარ არიან.

* * *
ზღვაში მოვისვრი
დაფხრეწილ სანდლებსა და
ქარიშხალთაგან გაცვეთილ შლაპას.

* * *
ამ ნაცნობ მთიელს,
პირმოკუმულსაც
ნიკაპამდე სწვდება ბალახი.

* * *
მთვარით გათანგულნო!
ამოისუნთქეთ!
ღრუბელი მოდის!

* * *
ხმა სიჩუმეში.
ძველ გუბურაში ჩახტა ბაყაყი.
სიჩუმე გასკდა.

* * *
გამოიღვიძე,
მძინარა ფარვანავ
და ჩემს მეგობრად გადაიქეცი.

* * *
ეს სულერთია –
დასავლეთი თუ აღმოსავლეთი,
ყველგან თანაბარი ცივი ქარია.

* * *
როცა უკუნში სანთელი აანთე,
თითქოსდა ხელით
ელვა გეჭირა.

* * *
კვლავაც დგებიან
ბინდში მიმქრალი ქრიზანთემები,
მიწას წვიმით დაჭედებულნი.

* * *
აქ, ოდესღაც სასახლე იდგა.
დაე, მომიყვეს მის შესახებ
ძველი ჭის წყარომ.

* * *
ასეთ ცივ წყალში,
თოლიას ვეღარ დაუძინია
და ტალღებზე ფხიზლობს.

* * *
შავი ნაღველი მომეძალა.
ნავით ცურავენ
ანთებული ჩირაღდანები.

* * *
სახლი მაგარი გამოვიდა!
ჩემს ეზოში ბეღურები
მხიარულად იკენკებიან.

* * *
უძრავად კიდია შუა ცაზე
რუხი ღრუბელი. . .
იქნებ ელვასაც ელოდება.

* * *
რამდენიც არსებობს,
იმდენი ყვავილობს თავისებურად.
აი, გმირობა უზენაესი.

* * *
ამ ბეწვის ხიდს,
ველურმა სურომ,
მთელი ცხოვრება შემოახვია.

* * *
ტოტიდან წაბლი ჩამოგორდა.
შორეული მთების უნახავთ
ძღვენად მივართმევ.

* * *
ჩემი საბანი,
ყინულიანიც, შავიც. . .
ო, ზამთრის ღამევ. . .

* * *
ზამთარი მიდის.
ჩიტები ტირიან.
ცრემლით აევსოთ თევზებს თვალები.

* * *
წინ, მეეტლევ!
გამაქანე მინდორს გადაღმა,
ბულბულის ახლოს.

* * *
გაშლილ ზღვაში,
კუნძულები
ნამსხვრევებად იბადებიან.

* * *
პირველი ნესვი, ძმებო!
ოთხად გავყოთ?
თუ მრგვალად დავჭრათ?

* * *
ჩემს ჭერქვეშ
ორი ქალიშვილია
ჰაგის ტოტი და მარტოხელა თვე.

* * *
უკვე მარტო ვარ,
წარწერას ქუდზე: “ჩვენ ორნი ვართ”
როგორმე ბრინჯით ჩამოვირეცხავ.

* * *
ძლიერ მინდოდა მარაოზე
განშორების ლექსის დაწერა
და ხელში გამიტყდა.

* * *
მარტო მთვარე?
ბრძოლაც ვერ ვნახე,
ამ წვიმის გამო.

* * *
ესაა რაცაა,
იბუკის მთას სულ არ სჭირდება
შუქი მთვარისა.

* * *
მონაზონის ამბავი
სასახლის ყოფაზე. . .
გარეშემო დიდი თოვლია.

* * *
აბა, ბავშვებო,
თოვლის კურდღელს
კარგი ულვაშიც გავუკეთოთ.

* * *
ის აღარ ელის.
მთვარეს, ყვავილებს. . .
სვამს მხოლოდ ღვინოს.

* * *
წვრილი თესლი
ნუ გეგონება.
ეს, ხომ წითელი წიწაკაა.

* * *
ჯერ ბალახი,
მერე ხეები მიატოვა,
ტოროლას ფრენამ.

* * *
აი, მცოდნის ჟინი!
სურნელმიმქრალ ყაყაჩოზე
ფარვანა ჯდება.

* * *
მთის წყარომ,
დალევამდე
მომჭრა კბილები.

* * *
ჩემს ძველ სახლში
კოღოები აღარ არიან.
ესეც, მეგობრის გამასპინძლება.

* * *
ხსოვნის დღეა.
ძველ სასაფლაოზე
კვლავ ამოდის ახალი კვამლი.

* * *
ასგზის კეთილშობილია,
გაელვებისას ვინც არ იტყვის:
“ესა ყოფილა ჩვენი სიცოცხლე”

* * *
მთვარის ციალში
ბრბოს აღარ შერჩა
აღარცერთი ლამაზი სახე.

* * *
გვიან შემოდგომაზე
მომავალის სჯერა
მწვანე მანდარინს.

* * *
ტყის რძისფერ სოკოს
რომელიღაც უცხო ფოთოლი
მოწიწებით ქუდზე მიეკრო.

* * *
პაპაები, მამები, შვილიშვილები.
სამი თაობა. . .
ხოლო ბაღში მანდარინები.

* * *
ამ მბზინავ ლუკმებს
გემო აქვთ სევდის.
არ დაგავიწყდეთ.

* * *
დიდებულია:
ზამთრის ეს წვიმა
ღამით თოვლად გადაიქცევა.

* * *
“ბავშვები გვღლიან”,
ამ ხალხისათვის
ულამაზოა ალუბლის ფერიც.

* * *
უშნო ყვავი,
ისიც ლამაზია ზამთრის დილას,
უმანკო თოვლზე.

* * *
უკვე აღარ მშურს ჩიტებისა,
გადავივიწყებ ყველა ნაღველს
გასული წლისას.

* * *
პირი დახურა
ნიჟარამ ზღვისა,
აუტანელი ხვატია მზისა.

* * *
აჩურჩულდნენ ქრიზანთემები:
გადაივიწყეთ
მიხაკების ცხელი დღეები.

* * *
წავიდა მთვარეც. . .
ოთხ კუთხეს შორის
დარჩა მაგიდა.

* * *
ქრიზანთემები აყვავილდა
ქვისმთლელის ბაღში,
თეთრ ქვათა შორის . .

* * *
მიწის ბელტს ბატი ჩაეხუტა,
შიშველ ფეხებზე გადაიფარა
ფრთოსანი კაბა.

* * *
მწარე იშვიათობაა
და მკაცრი, კაცური,
საუბარი სამურაისთან.

* * *
ნავით მივცურავ
აყვავებულ ალუბლისაკენ,
ნაპირზე მხოლოდ ტირიფებია!

* * *
ჩემს წინაშეა
ოთხი ფინჯანი. . .
ვაკვირდები მხოლოდ ყვავილებს.

* * *
მე სულ გზაში ვარ,
თითქოს ვთოხნი პატარა ყანას
და უგზოუკვლოდ დავხეტიალობ.

* * *
ნუ გგონია,
ხსოვნის დღეო,
რომ ქვეყანაზე ფასი არა გაქვს!

* * *
შეცვლილ სახეებზე
ჩემი სიბერე წავიკითხე.
ჩირი ყოფილა ყველაფერი.

* * *
გვიან შემოდგომას, გავიფიქრე:
“ნეტა როგორ არის
ჩემი მეზობელი?”

* * *
მოიცა ვაჭარო,
გინდა ამ თოვლში
ქუდი მოგყიდო?

* * *
ჯერ მიპასუხეთ
რას ეძახით თქვენს კილოზე
ამ ქორფა ლერწამს?

* * *
ბუდას დღეობას
მოევლინა ქვეყნიერებას
ის შვილის ნუკრი.

woody allen – სიკვდილი აკაკუნებს

მაისი 22, 2009

მოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \”დეილი ნიუსის\” ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი – ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება.

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \”ფრესკა\” იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა…

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება… მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას… ხო აზრზე ხარ… (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.

ნეტი: ვკითხულობდი.

სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). \”ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები\”. არ მათხოვებ?

ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.

სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო…

ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?

სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. \”ფაუსტი\” წაგიკითხავს?

ნეტი: რა?

სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?

ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.

სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?

ნეტი: სად მოვდივარ?

სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.

ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.

სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ – რა გიყო, დრო მოგივიდა.

ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა \”მოდისტ ორიჯინალში\” დავიზღვიე თავი.

სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.

ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.

სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?

ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.

სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?

ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.

სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.

ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი… ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო… როგორ გითხრათ… უფრო მაღალი იქნებოდით.

სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.

ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.

სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.

ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.

სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?

ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.

სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.

ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?

სიკვდილი: მაინც, რა?

ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?

სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.

ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.

სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.

ნეტი: კუნკენს თამაშობთ?

სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?

ნეტი: კარგად გამოგდით, სხვათა შორის.

სიკვდილი: ძალიან კარგად.

ნეტი: იცით, ახლა რას ვიზამ?

სიკვდილი: მოდი რა, გარიგებები არ გვინდა.

ნეტი: კუნკენს გეთამაშებით. თუ მოიგებთ, უსიტყვოდ მოგყვებით, მე თუ მოვიგე, კიდევ ცოტა უნდა მადროვოთ. სულ ერთი დღე, მეტი არა.

სიკვდილი: რა დროს კუნკენის თამაშია?

ნეტი: რას ბრძანებთ, თუკი ეს თამაში კარგად გეხერხებათ…

სიკვდილი: ისე, თამაშის განწყობაზე კი ვარ.

ნეტი: მოდი რა, თუ ძმა ხარ, ნახევარი საათი წავითამაშოთ.

სიკვდილი: არა, უფლება არა მაქვს.

ნეტი: აი, კარტი და აღარ გვინდა რა, ზედმეტი ლაპარაკი.

სიკვდილი: კარგი, კარგი, თანახმა ვარ. თამაში ხასიათზე მომიყვანს.

ნეტი (იღებს კარტს, ბლოკნოტსა და ფანქარს): ნამდვილად არ ინანებთ.

სიკვდილი: თუ ღმერთი გწამს, ნუ მევაჭრები. აიღე კარტი, \”ფრესკა\” მომეცი და საჭმელიც მოაყოლე რამე. სტუმარი შემოგესწრო, კარტოფილის ჩიპსები მაინც არა გაქვს, ან მარილიანი ჩხირები?

ნეტი: ქვემოთ შოკოლადი \”M&M\” მაქვს.

სიკვდილი: M&M! პრეზიდენტი რომ გსტუმრებოდა? ვითომ M&M-ს დასჯერდებოდა?

ნეტი: თქვენ ხომ პრეზიდენტი არა ხართ.

სიკვდილი: კარგი, კარგი. დაარიგე.

(ნეტი კარტს არიგებს, ამოდის ხუთიანი)

ნეტი: მოდით, მეტი ინტერესისთვის თითო ქულაზე ცენტის მეათედს ჩამოვიდეთ.

სიკვდილი: უამისოდ საინტერესოდ არ გეჩვენება?

ნეტი: ფული რომ მეგულება, უკეთესად ვთამაშობ ხოლმე.

სიკვდილი: როგორც გენებოს, ნევტ.

ნეტი: ნეტი. ნეტ ეკერმანი. დაგავიწყდათ ჩემი სახელი?

სიკვდილი: ნევტი, ნეტი – თავი ამტკივდა, რა…

ნეტი: ეგ ხუთიანი გაწყობთ?

სიკვდილი: არა.

ნეტი: მაშინ ამოიღეთ.

სიკვდილი (კარტს ამოიღებს და ხელზე დაიხედავს): უფალო იესო, აქ არაფერიც არ არის.

ნეტი: მაინც როგორია, ჰა?

სიკვდილი: რაზე მეკითხები?

(მერე ისევ აიმატებენ კარტს და ჩამოვლენ, აიმატებენ და ჩამოვლენ)

ნეტი: სიკვდილზე.

სიკვდილი: როგორ უნდა იყოს? განისვენებ და ეგ არის.

ნეტი: მერე აღარაფერი იქნება?

სიკვდილი: აჰა, ორიანებს ზოგავ, არა?

ნეტი: გეკითხებით, მერე აღარაფერია?

სიკვდილი (გაბნეულად): ნახავ.

ნეტი: მაშ, რაღაცას მაინც ვნახავ, არა?

სიკვდილი: ალბათ სხვაგვარად უნდა მეთქვა. ჩამოდი.

ნეტი: შენგან ხეირიან პასუხს ვერ ეღირსება კაცი.

სიკვდილი: მე კარტს ვთამაშობ.

ნეტი: ითამაშე, ითამაშე.

სიკვდილი: თანაც კარტს კარტზე გაღებინებ.

ნეტი: ჩამოსულებს ნუღარ ამოწმებ.

სიკვდილი: არ ვამოწმებ. ვასწორებ მხოლოდ. რომელი კარტი ჭრის?

ნეტი: ოთხიანი. უკვე გაჭრაზე გაქვს საქმე?

სიკვდილი: ვინა თქვა, რომ მაქვს? უბრალოდ გკითხე, რომელია-მეთქი, რა, არ შეიძლება?

ნეტი: განა მეც ეგრე უბრალოდ არა გკითხე, რაიმეს იმედი თუ შემიძლია მქონდეს-მეთქი?

სიკვდილი: მიდი, მიდი, ითამაშე.

ნეტი: რა მოხდა, რომ მითხრა რამე? სად მივდივართ?

სიკვდილი: მივდივართო? \”ჩვენ\” რა შუაშია? სიმართლე თუ გინდა, ეს შენ მოადენ ზღართანს იატაკზე, დაჭმუჭნულ-დასრესილი ნივთების გროვაში.

ნეტი: მართლა? ერთი სული მაქვს! მეტკინება?

სიკვდილი: ერთ-ორ წუთში გაგივლის.

ნეტი: მაგარია, ხურავს. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად მჭირდებოდა. კაცმა \”მოდისტ ორიჯინალში\” დავიზღვიე თავი, ეს კი…

სიკვდილი: ოთხ ქულაზე რაღას იტყვი?

ნეტი: ჭრი?

სიკვდილი: ოთხი ქულა წავა?

ნეტი: არა, მე ორიანი მაქვს.

სიკვდილი: მეხუმრები ალბათ.

ნეტი: არა, წააგე.

სიკვდილი: წმინდაო ღმერთო, მე კი მეგონა, ექვსიანებს უფრთხილდებოდი.

ნეტი: არა. შენი ჩამოსვლაა. ოცი ქულა და ორიც ჩარჩო. ითამაშე. (სიკვდილი კარტს არიგებს). მაშ, იატაკზე უნდა გავგორდე არა? იქნებ დივანთან დავმდგარიყავი, ჰა?

სიკვდილი: არა. ითამაშე.

ნეტი: რატომ არა?

სიკვდილი: იმიტომ, რომ იატაკზე უნდა დაეცე. თავი დამანებე რა! ვცდილობ გონება მოვიკრიბო.

ნეტი: რაღა მაინცდამაინც იატაკზე? აი, რისი გაგება მინდა. რატომ არ შეიძლება, დივანთან ვიდგე და ზედ დავეცე რბილად?

სიკვდილი: ყველანაირად შევეცდები. ახლა შეგვიძლია თამაში გავაგრძელოთ?

ნეტი: მეც მაგას არ ვღაღადებ! მო ლეფკოვიცს მაგონებ. ისიც შენნაირი ჯიუტია.

სიკვდილი: თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. ჩემზე საშინელ არსებას ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი, ამას კი თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. მაინც ვინაა ეგ ტიპი, ბეწვეულით ვაჭრობს?

ნეტი: ნეტა შენ იყო ეგეთი ბეწვეულით მოვაჭრე. წელიწადში ოთხმოც ათასს აკეთებს. ყაითანით გაწყობა და იმის ჯანი. საკუთარი ფაბრიკა აქვს. ორი ქულა.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ორი ქულა-მეთქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკვდილი: გეგონება, კალათბურთის ანგარიში დამაწერესო ხელზე.

ნეტი: თანაც სულ ყვავებია.

სიკვდილი: ნეტა მაგდენი არ გელაპარაკა.

(ისინი ხელახლა არიგებენ კარტს და თამაშს აგრძელებენ).

ნეტი: წეღან რისი თქმა გინდოდა, ჩემი პირველი საქმეაო, რომ მითხარი?

სიკვდილი: რაც გაიგონე.

ნეტი: რა, ადრე არავინ ყოფილა?

სიკვდილი: როგორ არ ყოფილან, მაგრამ მე არავინ წამიყვანია.

ნეტი: აბა, ვინ წაიყვანა?

სიკვდილი: სხვებმა.

ნეტი: სხვებიც არიან?

სიკვდილი: აბა, შენ რა გეგონა! ყველას თავისი გზა აქვს.

ნეტი: ეგ არ ვიცოდი.

სიკვდილი: საიდან უნდა გცოდნოდა? ისეთს რას წარმოადგენ, მაინც ვინა გგონია თავი?

ნეტი: როგორ თუ ვინა მგონია? რა, არავინა ვარ?

სიკვდილი: არა, როგორ არა ხარ, ტანსაცმელს არ აწარმოებ? მაგრამ საუკუნო მისტერიათა შესახებ რა უნდა იცოდე, რანაირად უნდა მიგიწვდებოდეს ხელი?

ნეტი: რაებს ამბობ? კარგა ბლომად ფულსა ვხვეტავ. ორი შვილი უმაღლესში გავგზავნე. ერთი სარეკლამო საქმეს ეწევა, მეორე დაოჯახდა. მეც ჩემი საკუთარი სახლი მაქვს. \”კრაისლერს\” დავაქროლებ. ჩემს ცოლს არაფერი აკლია; მოახლეები, წაულას ქურქი, კარგი დასვენება. ამჟამად \”იდენ როკში\” იმყოფება. დღეში ორმოცდაათ დოლარს იხდის, საკუთარი დის გვერდით რომ იყოს. იმ კვირაში მეც ჩავაკითხავ. ასე რომ, არაფერი შეგეშალოს – ვიღაც გამვლელი კი არა ვარ.

სიკვდილი: კარგი რა, ზედმეტი მგრძნობიარობა რა საჭიროა?

ნეტი: ვინაა მგრძნობიარე?

სიკვდილი: აბა, როგორ მოგეწონებოდა, მეც ეგრე ადვილად რომ გავნაწყენებულიყავი შენზე.

ნეტი: რამე გაწყენინე?

სიკვდილი: შენ არ მითხარი, იმედი გამიცრუეო?

ნეტი: აბა, რას ელოდი? ზარზეიმით უნდა დაგხვედროდი?

სიკვდილი: ვერ გამიგე. პირადად მე შემეხე. ძალიან დაბალი ხარო, ესა ხარო, ისა ხარო.

ნეტი: მე მგავხარ-მეთქი, ის გითხარი. თითქოს ჩემი ანარეკლი იყო.

სიკვდილი: კარგი, კარგი, კარტი დაარიგე.

(ისინი თამაშს აგრძელებენ. მუსიკა ნელ-ნელა მატულობს, სინათლეს სიბნელე ენაცვლება, სანამ ბოლოს ყველაფერს უკუნი არ დანთქავს. მერე ისევ ნელ-ნელა ნათდება, უკვე გვიანია – თამაში დასრულებულია. ნეტი ითვლის)

ნეტი: სამოცდარვა… ერთი – ორმოცდაათი. ეჰ, ძმაო, აგებ.

სიკვდილი (შეწუხებლი დაჰყურებს კარტის დასტას): ვიცოდი, ამ ცხრიანს არ უნდა ჩამოვსულიყავი. ჯანდაბა!

ნეტი: ასე რომ, ხვალ შევხვდებით.

სიკვდილი: როგორ თუ ხვალ შევხვდებით?

ნეტი: ერთი დღე მოვიგე. რას იზამ, უნდა მომეშვა.

სიკვდილი: შენ რა, სერიოზულად მეუბნებოდი?

ნეტი: პირობა პირობაა.

სიკვდილი: ჰო, მაგრამ…

ნეტი: არავითარი მაგრამ. ოცდაოთხი საათი მოვიგე. ხვალ დაბრუნდი.

სიკვდილი: არ ვიცოდი, დროზე თუ ვთამაშობდით.

ნეტი: მით უარესი შენთვის. ყურადღებით უნდა იყო-ხოლმე.

სიკვდილი: ოცდაოთხი საათი რა უნდა ვაკეთო, სად წავიდე?

ნეტი: მე რა მენაღვლება? მთავარია, რომ ერთი დღე მოვიგე.

სიკვდილი: რას მთავაზობ, ქუჩებში ვიხეტიალო?

ნეტი: სასტუმროში დაბინავდი. მოგვიანებით კინოში შეხვალ. კიდევ ორთქლის აბაზანა შეგიძლია მიიღო. საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად არ მიქციო ახლა ეს პატარა საქმე, თუ ძმა ხარ.

სიკვდილი: ერთი ანგარიში კიდევ დაამატე.

ნეტი: ამას გარდა, ოცდარვა დოლარი გმართებს ჩემი.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ჰო, ნაბიჭვარო, აი, აიღე, წაიკითხე.

სიკვდილი (ჯიბეებში იქექება): რამდენიმე ერთდოლარიანი მაქვს. ოცდარვა ვერ შეგროვდება.

ნეტი: არც ჩეკზე ვიტყვი უარს.

სიკვდილი: რომელი ანგარიშიდან ინებებ?

ნეტი: უყურე ერთი, ვისთან მქონია საქმე.

სიკვდილი: შეგიძლია მიჩივლო. სადა მაქვს საბანკო ანგარიში?

ნეტი: კარგი, კარგი. რაცა გაქვს, მომეცი და ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით.

სიკვდილი: მომისმინე, ეგ ფული მჭირდება.

ნეტი: რაში უნდა გჭირდებოდეს?

სიკვდილი: აბა დაფიქრდი, რას ამბობ. შენ ხომ იმქვეყნად ხარ წასაყვანი.

ნეტი: მერე?

სიკვდილი: რა, მერე… იცი, ეგ რა შორსაა?

ნეტი: მერე?

სიკვდილი: მერე საწვავი? გზის ფული?

ნეტი: ჩვენ იქ მანქანით მივდივართ?

სიკვდილი: მაგასაც გაიგებ. (შეშფოთებული) მისმინე, ხვალ დავბრუნდები და შენ შანსს მომცემ, ფული უკან დავიბრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდადაა ჩემი საქმე.

ნეტი: რასაც მოისურვებ. რამდენსაც გინდა, იმდენს ვითამაშებთ. არ გამიკვირდება, კიდევ ერთი კვირა, ან სულაც თვე მოვიგო. გააჩნია, როგორ ითამაშებ. იქნებ რამდენიმე წელსაც კი გამოვკრა ხელი.

სიკვდილი: ვაჰ, რა შავ დღეში ვარ.

ნეტი: აბა, ხვალამდე.

სიკვდილი (დაიხია კარის ზღურბლამდე): კარგ სასტუმროს ვერ მიმასწავლი? თუმცა რომელ სასტუმროზეა ლაპარაკი, კაპიკი აღარა მაქვს. წავალ \”ბიკფორდსში\” დავჯდები (ხელში აიღებს გაზეთს).

ნეტი: აბა ჰე, დაახვიე აქედან. ეს ჩემი გაზეთია (ხელიდან ართმევს).

სიკვდილი (გასვლისას): არა, უბრალოდ ვერ მოვკიდე ხელი და ვერ წავიყვანე? მაინცდამაინც ამ აბდა-უბდაში უნდა გამეყო თავი!

ნეტი (ეძახის): ფრთხილად ჩადი. ერთ-ერთ საფეხურზე ნოხი არაა კარგად დამაგრებული (უცებ გვესმის საშინელი ზღართანის ხმა. ნეტი ამოიოხრებს, ლოგინთან მდგარ მაგიდასთან მიდის და რეკავს).

ნეტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მომისმინე. არ ვიცი, ვიღაცა მეკაიფება თუ რა არის, მაგრამ ეს-ესაა სიკვდილი იყო ჩემთან. ცოტა კუნკენი ვითამაშეთ… არა, სიკვდილი. თვითონ მოვიდა, ჰო, ის იყო, ან ვისაც შესაბამისი პრეტენზია აქვს. მაგრამ მო, ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენი ტიპია.